აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას ბავშვებში ახალი ანთებითი სინდრომის შესახებ აფრთხილებენ, რომელიც შესაძლოა „კოვიდ 19“-ს უკავშირდება
აშშ-ის ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ბავშვებს, რომელთაც „კოვიდ-19“-ის ინფექციის სავარაუდო გართულების შედეგად მულტისისტემური ანთებითი სინდრომი უვითარდებათ, დაუყოვნებლივ ყურადღებასა და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით, სიმპტომები კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს არ ჰგავს და შესაძლოა ძირითადად მოიცავდეს ტკივილს მუცლის არეში და ღებინებას, ტემპერატურასა და ზოგჯერ გამონაყარსაც.
ასევე ირკვევა, რომ იმ ბავშვების უმეტესობას, ვისაც ახალი სინდრომი აქვს, გულის პრობლემებიც აღენიშნება და ისინი დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებენ.
ამ ეტაპზე სამედიცინო სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს დაკავშირებულია „კოვიდ-19“-თან მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში ვირუსზე ჩატარებული კვლევა უარყოფით პასუხს იძლევა.
ექსპერტების განცხადებით, სინდრომი „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემდეგ სავარაუდოდ ორიდან ექვსი კვირის განმავლობაში ვითარდება და გავლენას ახდენს იმ ბავშვებზე, რომელთაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები მანამდეც აღენიშნებოდათ.