აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალს კიდევ 100-ზე მეტ ადამიანს წარუდგენენ
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალს კიდევ 100-ზე მეტ ადამიანს წარუდგენენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე განაცხადეს.
„400-ზე მეტ პირს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წარედგინა. გამოძიება გრძელდება და მთავრობა ელოდება, რომ დამატებით კიდევ სულ მცირე 100 პირს წაუყენებენ ბრალს“, – განაცხადა ბრალდების მხარემ სასამართლოში.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს საქმეების განხილვის ვადების გადაწევა სთხოვა.
სასამართლოს მასალების თანახმად, „კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამოძიება და სასამართლო განხილვა სავარაუდოდ იქნება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური როგორც ბრალდებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, ისე მტკიცებულებების ხასიათისა და მოცულობის მხრივ“.
ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში 6 იანვარს შეიჭრნენ, სადაც იმ დროს გაერთიანებული კონგრესის სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფორმალური დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა. არეულობის დროს გარდაიცვალა ხუთი და დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი.