აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს გიული ალასანია აწერს ხელს.
კონტრაქტი 2022 წლის ივლისშია გაფორმებული. „აკერმანი“ ამ დროიდან მუშაობს იურიდიული კონსულტაციის გაწევაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადვოკატ მასიმო დანჯელოს კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან, ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ოფისთან, გლობალური სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტთან, კრისტოფერ ჰარვინთან და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილესთან.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.
რაც შეეხება კონკრეტულად გადახდილ თანხებს, დოკუმენტის თანახმად, ერიკ გოლდსმიტმა მიიღო 75,864.40 დოლარი, სტიუარტ ფინკელმა – 79,012.50 დოლარი, Jupin International-მა 37,560.89 დოლარი, შაჰინ ლაჰანმა – 107,399.23 დოლარი, NMS Labs-მა – 1,621.00 დოლარი, ჯეიმს კობიმ – 2,923.62 დოლარი, მაიკლ კოსნეტმა – 6,825.00 დოლარი, GP International LLC-მა – 35,000.00 დოლარი, ხოლო David E. Smith MD & Associates-მა – 11,200.00 დოლარი.