აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი რუსეთისთვის საიდუმლო სადაზვერვო მასალების გადაცემას გეგმავდა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი რუსეთისთვის საიდუმლო სადაზვერვო მასალების გადაცემას გეგმავდა

პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი რუსეთისთვის საიდუმლო სადაზვერვო მასალების გადაცემას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის მოქალაქემ, ელიზაბეტ შირლიმ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციის უკანონო შენახვასთან დაკავშირებით ბრალი აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ელიზაბეტ შირლის სურდა, საიდუმლო მასალები რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაეცა. გარდა ამისა, 47 წლის შირლიმ, რომელიც ორშაბათს სასამართლო პროცესზე დასავლეთ ვირჯინიის ჩრდილოეთ რაიონში წარდგა, საკუთარი შვილის გატაცების ბრალდება აღიარა.

აშშ-ის მოქალაქემ საიდუმლო მონაცემებზე წვდომა პირველად 1994 წელს სამხედრო-საჰაერო ძალებში მუშაობის დროს მიიღო. სამხედრო კარიერის განმავლობაში შირლი მუშაობდა პენტაგონში, სამხედრო-საზღვაო ძალების დაზვერვაში და ეწეოდა კიბერგამოძიებებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მან რამდენჯერმე მიიღო წვდომა საიდუმლო ინფორმაციებზე.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ 2019 წლის ივლისში შირლი თავის ექვსი წლის ქალიშვილთან ერთად, რომლის მეურვე მამაა, გაემგზავრა მექსიკაში. იქიდან იგი აპირებდა რუსეთის ხელისუფლებას დაკავშირებოდა და თავშესაფარი მოეთხოვა „ისეთ ქვეყანაში, საიდანაც იგი არ იქნება ექსტრადირებული შეერთებულ შტატებში“. კანონის დარღვევით ქალს გააჩნდა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული იყო წარწერით, „სრულაიდ საიდუმლო“ და შეიცავდა ინფორმაციას აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

იუსტიციის დეპარტამენტი ირწმუნება, რომ მექსიკაში შირლიმ წერილი მისწერა რუსეთის მთავრობას. ტექსტში მითითებულია აუცილებლობა, რომ დაუყოვნებლივ გაიგზავნოს „საგნები“ აშშ-დან, რომელიც მის საქმიანობასთანაა დაკავშირებული.

აშშ-ის მოქალაქე 2019 წლის აგვისტოში, მეხიკოს სასტუმროში, ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააპატიმრეს. ქალს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება და დაჯარიმდება 250 ათასი დოლარამდე საიდუმლო ინფორმაციის შენახვისთვის. ასევე სამ წლამდე პატიმრობა და 250 ათასი დოლარამდე ჯარიმა ემუქრება შეერთებული შტატების საზღვრებიდან ბავშვის არალეგალური გაყვანისთვის.