აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამას აქვეყნებს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამას აქვეყნებს.
ტექსტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას მოუწოდებს, რომ ჯო ბაიდენის შვილის საქმით შეძლებისდაგვარად დაინტერესდეს.
„არის ბევრი საუბარი ბაიდენის შვილზე, რომ ბაიდენმა შეაჩერა სისხლის სამართლებრივი დევნა და ბევრ ადამიანს სურს ამის გარკვევა. თუ რამის გაკეთება შეგიძლიათ გენერალურ პროკურორთან ერთად, შესანიშნავი იქნება. ბაიდენი ტრაბახობს, რომ მან შეაჩერა დევნა. თუ შეგიძლიათ, რომ საქმეში ჩაიხედოთ“ – აღნიშნავს ტრამპი.
საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით საქმის კურსშია.
ზელენკის განცხადებით, შემდეგი გენერალური პროკურორი 100 პროცენტით მისი კანდიდატი იქნება და პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, ის გაეცნობა სიტუაციას და განსაკუთრებით გაზის კომპანიის საქმეს.
„საქმის გამოძიების საკითხი არის პატიოსნების აღდგენის უზრუნველყოფის საკითხი, ასე რომ ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე და ვიმუშავებთ საქმის გამოძიებაზე. ხომ არ გაქვთ რაიმე დამატებითი ინფორმაცია, რომლის მოწოდებაც შეგიძლიათ. ეს დაეხმარება გამოძიებას“ – ამბობს ზელენსკი.
აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას მოუწოდებს იმუშაოს აშშ-ის გენერალურ პროკურორ, უილიამ ბართან და მის პირად ადვოკატთან, რუდოლფ ჯულიანთან საკითხის განსახილველად.
ჯო ბაიდენის შვილი უკრაინულ გაზის კომპანიაში მუშაობდა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ჯო ბაიდენი მთავარი პროკურორის, ვიქტორ შოკინის თანამდებობიდან მოხსნას ლობირებდა. შოკინის სამსახურმა ბუნებრივი აირის კომპანია „ბურისმას“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სწორედ ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო ჰანთერ ბაიდენი. აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს გაიმართა.