აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტმა ერთდროულად ყველა შტატი უბედურების ზონად გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაიომინგის შტატი უბედურების ზონად გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ რეჟიმი უკვე ქვეყნის 50-ვე შტატში მოქმედებს.
„ფოქს ნიუსი“ წერს, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტმა უბედურების ზონად ერთდროულად ქვეყნის ყველა შტატი გამოაცხადა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში „კოვიდ-19“ უკვე 530 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა, მსხვერპლის რაოდენობით კი, ქვეყანამ მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 20 000-ს აჭარბებს. ბოლო ხუთ დღეში, აშშ-ში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვი 10 000-დან, 20 000-მდე გაიზარდა. ვაიომინგის შტატის გუბერნატორმა, მარკ გორდონმა დონალდ ტრამპს წერილი 9 აპრილს გაუგზავნა, რა დროსაც შტატში დაინფიცირების 200-ზე მეტი შემთხვევა იყო გამოვლენილი.
თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონის გამოცხადების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდა ფედერალური დაფინანსება შტატის და ადგილობრივი მთავრობებისთვის, ასევე ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაციისთვის. მათ ასევე შეუძლიათ დაეხმარონ შტატის მთავრობებს კოორდინირება გაუწიონ თავიანთ ქმედებებს ფედერალური რესურსებით, როგორიც არის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და არმიის საინჟინრო კორპუსი.