აშშ-ის ჰელსინკის კომისია - ტაშს ვუკრავთ საქართველოს მთავრობას უკრაინის მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მუქარისა და ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით
აშშ-ის ჰელსინკის კომისია - ტაშს ვუკრავთ საქართველოს მთავრობას უკრაინის მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მუქარისა და ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აღიარებს მოკავშირეების, პარტნიორების საკვანძო წვლილს და მიესალმება უკრაინის მხარდამჭერ ძალისხმევას ეუთო-ს წევრი ქვეყნებისგან – თურქეთისგან, მოლდოვასა და საქართველოსგან.

ამის შესახებ ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მირ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, თანათავმჯდომარე კონგრესმენი სტივ კოენი, კომისიის წევრები სენატორი როჯერ უიკერი, კონგრესმენი ჯო უილსონი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის კრიმინალურ ომთან დაკავშირებით ავრცელებენ.

რუსი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის ბარბაროსულმა ომმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გამოიწვია გლობალური აღშფოთება და გმობა. ბევრი ქვეყანა წინ აღუდგა ამ მომენტს, განსაკუთრებით ბალტიელი მოკავშირეები, პოლონეთი და რუმინეთი. ჩვენ ასევე ვაღიარებთ ეუთო-ს იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც განსაკუთრებულ რისკზე წავიდნენ, გააქტიურდნენ დიდი საფრთხისა და მკაფიო მორალური მიზნის წინაშე.

განცხადებაში ჰელსინკის კომისიის წევრები მადლობას უხდიან თურქეთს, მოლდოვასა და საქართველოს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

„თავდაპირველი შემაშფოთებელი და დამაბნეველი განცხადებების მიუხედავად, ჩვენ ტაშს ვუკრავთ საქართველოს მთავრობას უკრაინის მოსახლეობის სულ უფრო ძლიერი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მუქარისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით. ჩვენ საქართველოს მადლობელი ვართ იმისთვის, რომ ის გახდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანასპონსორი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას გმობს, ასევე მისი მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მოწოდებაში, გამოიძიოს რუსეთის ომის დანაშაულები და მხარდაჭერის ძლიერი განცხადებებისთვის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. ჩვენ ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირში მისი განაცხადის შეტანას და მოუთმენლად ველოდებით, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ორმხრივი პარტნიორობის გააქტიურებასა და ჩვენი ტრანსატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში. მივისწრაფით, რომ შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს ომი თავისი მეზობლების წინააღმდეგ და ვიმუშავებთ მჭიდროდ ჩვენს მეგობრებთან, რათა გავუმკლავდეთ ისტორიის ამ საშიშ მომენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.