აშშ-ის ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინასა და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს
აშშ-ის ჰელსინკის კომისია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მიანიჭოს უკრაინას და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსი. შესაბამის წერილს გამოცემა Foreign Policy ავრცელებს. მას კონგრესმენები – სტივ კოენი, ჯო უილსონი და რიჩარდ ჰადსონი აწერენ ხელს.
ამერიკელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ აშშ-ის ადმინისტრაციას, გააძლიეროს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.
„თქვენი ადმინისტრაციის რეაგირებაა უკრაინის დახმარება, დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა ჩვენ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ უკრაინასთან ჩვენი სამხედრო სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად მისთვის ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებით. საქართველოს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან და რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე დგას, ასევე უნდა მიენიჭოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი. ამ სტატუსის მინიჭება თავდაცვის სფეროში ჩვენი ამჟამინდელი თანამშრომლობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა და ასევე, არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს“, – ნათქვამია წერილში.
კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინასა და საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
კონგრესმენების მოსაზრებით, ამ საკითხში აშშ-ის არასაკმარისი მხარდაჭერა პუტინს თავისი ნეოკოლონიური მიზნების განხორციელების საშუალებას მისცემს.
„აშშ-მა უფრო აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატო-ში, რუსეთის ოკუპაციამ და მიმდინარე აგრესიამ გამოააშკარავა ევროატლანტიკური სივრცის გაფართოების ხანგრძლივად შეჩერებული პროცესის ტრაგედია. საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის ძლიერი და პროაქტიული მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს თავისი უპირატესობის გამოყენებას საკუთარი მიზნების შესასრულებლად – თავდაყირა დააყენოს ევროპის უსაფრთხოება და თანამშრომლობა, და სრულყოს თავისი ნეოკოლონიური დღის წესრიგი“, – ნათქვამია კონგრესმენების წერილში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხება.