აშშ-ის გენერალური პროკურორი კარანტინის ზომებს შინაპატიმრობას ადარებს
აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის ზომებს შინაპატიმრობას ადარებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა ცალკეული შტატების წინააღმდეგ შესაძლოა, სამართლებრივი ზომები მიიღოს.
„ეს არის უპრეცედენტო ტვირთი სამოქალაქო თავისუფლებებზე. იდეა, რომ თქვენ სახლში უნდა დარჩეთ, შემაშფოთებლად ახლოს არის შინაპატიმრობასთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ წესებს და თუ მივიჩნევთ, რომ ვინმე ძალიან შორს წავიდა, ვეცდებით, ზეწოლა მოვახდინოთ გუბერნატორებზე, რომ უკან დაბრუნდნენ ან კორექტირება მოახდინონ. თუ ისინი უარს იტყვიან და მოქალაქეები სარჩელებს შეიტანენ, ჩვენ წარვადგენთ ინტერესის განაცხადს და მოსარჩელეებს გვერდით დავუდგებით“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.
გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მინესოტას, მიჩიგანის და ვირჯინიის შტატებს „გათავისუფლებისკენ“ მოუწოდა. მოსახლეობამ მკაცრი შეზღუდვები აშშ-ის არაერთ შტატში გააპროტესტა. ახალ კორონავირუსს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა.