აშშ-ის გენერალურ პროკურორს წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრები დაკითხავენ
აშშ-ის გენერალურ პროკურორს წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრები დაკითხავენ

აშშ-ის გენერალურ პროკურორს ჯეფ სეშენსს, მომავალ კვირას, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრები არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე დაკითხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ამგვარად დემოკრატ კონგრესმენებს საშუალება ექნებათ, სეშენსს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირების შესახებ ჰკითხონ.

კონგრესში გენერალური პროკურორის ღია მოსმენა, სავარაუდოდ, 14 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს მუშაობის რეგულარული კონტროლის ფარგლებშია დაგეგმილი.

ამას გარდა, Reuters-ის ცნობით, იმავე დღეს, სეშენსი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე წარდგება.

ნოემბრის დასაწყისში, რამდენიმე დემოკრატმა სენატორმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის მოსკოვთან კავშირის საქმეზე აშშ-ის გენერალური პროკურორის ხელახალი დაკითხვა მოითხოვა.