აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო - დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეხვედრაზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინა, რომ 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი მონაწილეობდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად და ყველას, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია, მოვუწოდებთ დაეხმაროს გამოძიებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ოფიციალური პირების ინფორმაციით, პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია.