აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია ბაიდენის საარჩევნო შტაბთან დაკავშირებულ პირებს გადაუგზავნეს
ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბთან დაკავშირებულ პირებს გადაუგზავნეს. ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში განაცხადეს.
„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის თანამშრომლებს ელექტრონულ მისამართებზე ინფორმაცია ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში გაეგზავნათ, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი საარჩევნო რბოლას გამოეთიშებოდა.
ამასთან, როგორც მედია წერს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჰაკერებმა ადრესატებისგან რაიმე პასუხი მიიღეს.
„ეფბიაის“ განცხადებით, ირანელი აქტორები ივნისის შემდეგ განაგრძობენ ძალისხმევას, რათა გაუგზავნონ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული მოპარული არასაჯარო მასალა ამერიკულ მედიაორგანიზაციებს.
ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლივიტმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ აღნიშნული კიბერთავდასხმა არის მტკიცებულება, რომ ირანი ერევა არჩევნებში კამალა ჰარისისა და ჯო ბაიდენის სასარგებლოდ, რადგან იცის, რომ „პრეზიდენტი ტრამპი აღადგენს მკაცრ სანქციებს და პოზიციას მათი ტერორისტული მმართველობის წინააღმდეგ“.
ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო შტაბში ითხოვენ, რომ ბაიდენმა და ჰარისმა განაცხადონ, რა ბედი ეწია ბაიდენის სარჩევნო შტაბთან დაკავშირებული პირებისთვის გაგზავნილ მასალებს.
„რა იცინ მათ და როდის გაიგეს ეს?“ – განაცხადა ლივიტმა.
აღნიშნულ საკითხს მხარდამჭერებთან შეხვედრისას გამოეხმაურა თავად ტრამპი, რომლის თქმითაც, ირანმა დემოკრატიული პარტიის შტაბს გადასცა მასალები, რადგან ბაიდენი ირანთან თანამშრომლობს.
კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა, მორგან ფინკელშტაინმა კი განაცხადა, რომ შტაბი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს მას შემდეგ, რაც ჰაკერული თავდასხმის შესახებ შეიტყო.
„ჩვენ არ ვართ ინფორმირებული საარჩევნო შტაბისთვის პირდაპირ გაგზავნილი რამე მასალის შესახებ. რამდენიმე პირის პერსონალური ელექტრონული ფოსტა გახდა სამიზნე, რაც გამოიყურებოდა როგორც სპამი ან ფიშინგის მცდელობა“, – განაცხადა ჰარისის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა.