აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ გაყინა ტეხასის სადავო საიმიგრაციო კანონის ამოქმედება, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთისთვის მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს
აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ გაყინა ტეხასის სადავო საიმიგრაციო კანონი. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.
აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა ტეხასის შტატში ახალი საიმიგრაციო კანონის ამოქმედება, რომელიც საზღვრის უკანონო კვეთისთვის მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს.
როგორც „ბიბისი” წერს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონია, რომელიც აშშ-ის შტატმა მიიღო თანამედროვე დროში. აღნიშნული კანონპროექტი ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა დაამტკიცა, თუმცა კანონის მიღება უფლებადამცველებმა გაასაჩივრეს, რის შემდეგაც ის ქვედა ინსტანციის სასამართლომ დაბლოკა, შემდეგ კი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონის ამოქმედება დაუშვეს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კანონს არაკონსტიტუციური უწოდა.