აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დადგენილება გამოსცა, რომლის თანახმად, კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია დონალდ ტრამპის გასამართლება
აშშ-ის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცემული დადგენილების თანახმად, 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის გასამართლება. აღნიშნული დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სხვა სამოქალაქო სარჩელების აღძვრის შესაძლებლობასაც იძლევა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
საქმე ეხება კაპიტოლიუმის პოლიციის ორი ოფიცრისა და ათამდე დემოკრატი კონგრესმენის სარჩელს, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს წარადგინეს ტრამპის წინააღმდეგ და ის 6 იანვრის მოვლენების დროს ძალადობის პროვოცირებაში დაადანაშაულეს.
კანონი, რომელიც სარჩელშია მოხსენიებული, სამოქალაქო ომის შემდეგ კუ-კლუქს კლანის (ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში) წინააღმდეგ იყო მიღებული. მოსარჩელეები ირწმუნებოდნენ, რომ ტრამპი კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილე ულტრამემარჯვენე ჯგუფების წევრებთან „შეთქმულებაში“ იყო.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ტრამპს, როგორც მაშინ მოქმედ პრეზიდენტს, იმუნიტეტი აქვს, თუმცა მოსამართლეებმა ერთხმად დაადგინეს, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში დონალდ ტრამპს „არ დაუდგენია“ იმუნიტეტზე თავისი უფლება.
„პრეზიდენტი არ ხარჯავს თითოეული დღის ყოველ წუთს ოფიციალურ ვალდებულებებზე. თავისი ფუნქციების მიღმა როდესაც მოქმედებს, ის არ სარგებლობს იმუნიტეტით. არაოფიციალური, კერძო უფლებამოსილებით როცა მოქმედებს, ის სამოქალაქო სარჩელის ობიექტი ხდება, როგორც ნებისმიერი სამოქალაქო პირი“, – აღნიშნულია სასამართლოს დადგენილებაში.