აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე ერევა
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის თქმით, რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე ერევა. ამის შესახებ კრისტოფერ ურეიმ წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვიდან მომავალი დეზინფორმაციული ნაკადი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენის წინააღმდეგაა მიმართული და არჩევნებისადმი აშშ-ის მოქალაქეთა ნდობას ძირს უთხრის.
ურეი მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებები მიმართულია „აშშ-ის ანტირუსული მმართველი წრეების“ წინააღმდეგ.
„ჩვენ ვიხილეთ რუსების ძალიან აქტიური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია 2020 წლის არჩევნებზე ზემოქმედებისკენ. მე ამას დავარქმევდი უცხო ქვეყნის მავნე ზეგავლენას სოციალური ქსელებით, მარიონეტების გამოყენებით, სახელმწიფო მედიით, ონლაინ ჟურნალები და ა.შ. ეს არის მცდელობა, გააღვივონ შუღლი. ვფიქრობ, სადაზვერვო საზოგადოებამ საჯაროდ თქვა, რომ ეს უმთავრესად ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისა და როგორც რუსები მათ უწოდებენ, ანტირუსული მმართველი წრეების, წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა.