აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურო - რუსული აპლიკაციები აშშ-სთვის კონტრდაზვერვით საფრთხეს წარმოადგენს
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურო - რუსული აპლიკაციები აშშ-სთვის კონტრდაზვერვით საფრთხეს წარმოადგენს

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს ცნობით, ნებისმიერი რუსული აპლიკაცია, მათ შორის პოპულარული „ფეისაპი“, აშშ-ისთვის „კონტრდაზვერვით საფრთხეს“ წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც საგამოძიებო უწყებამ სენატორ ჩაკ შუმერს გადაუგზავნა. შუმერმა წერილი „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში აცხადებენ, რომ რუსული აპლიკაციების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს პროგრამები აშშ-ისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

წერილში ნათქვამია, რომ რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ შესაძლებლობა, ინტერნეტ პროვაიდერების თანხმობის გარეშე მიიღონ წვდომა ინფორმაციასთან, რომელსაც რუსული აპლიკაციები აგროვებენ.

როგორც „ეფ-ბი-აი“- ში ამბობენ, თუ გამოვლინდა, რომ „ფეისაპის“ გამოყენებით რუსეთი ზეგავლენის მოხდენას ცდილობს არჩეულ პირებზე, პოლიტიკურ კამპანიასა და პარტიებზე, მაშინ საგამოძიებო უწყება შესაბამის ზომებს მიმართავს.

ფეისაპი“ პეტერბურგში დაფუძნებული კომპანიის „ვაირლეს ლაბის“ პროდუქტია. ამ კომპანიის ხელმძღვანელი „იანდექსის“ ყოფილი თანამშრომელი იაროსლავ გონჩაროვია.

აპლიკაცია სოციალური ქსელების მომხმარებლების ფოტოებთან წვდომას ითხოვს და შესაბამისად ამ ინფორმაციას აგროვებს.

ვაირლეს ლაბში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ შეგროვებულ მონაცემებთან მესამე პირებს წვდომა არ აქვთ.