აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი - აშშ გმობს „ჰამასის“ ტერორისტების არაპროვოცირებულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობისა და ხალხის გვერდით
აშშ მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადა.
აშშ-მა დაგმო ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა.
„აშშ ცალსახად გმობს „ჰამასის“ ტერორისტების არაპროვოცირებულ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ტერორიზმის გამართლება არ არსებობს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობის, ხალხის გვერდით და ვუსამძიმრებთ თავდასხმების შედეგად დაღუპული ისრაელის მოქალაქეების გამო“, – განაცხადა უოტსონმა.
მისივე თქმით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ესაუბრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ცაჩი ჰანეგბის და განუცხადა, რომ აშშ რჩება მჭიდრო კავშირში ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა და 740 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.