აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომელი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა სამჯერ შესთავაზეს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომელი ალექსანდრ ვინდმანი აცხადებს, რომ მას უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავება სამჯერ სთხოვეს.
ამის შესახებ განცხადება ვინდმანმა კონგრესში გამართული მოსმენის დროს გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ დანილიუკმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციაზე შესთავაზა.
„მან ეს სამჯერ შემომთავაზა, უარი ვთქვი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღნიშნული შეთავაზების შესახებ ხელმძღვანელობას ვაცნობე“, – განაცხადა ვინდმანმა.
ვინდმანი ერთ-ერთია იმ სახელმწიფო მოხელეებს შორის, რომლებმაც 19 ნოემბერს კონგრესში გამართულ მოსმენაზე ჩვენება მისცეს.
მან ასევე თქვა, რომ შეშფოთებული იყო დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შინაარსის გამო.
„აშშ-ის პრეზიდენტს არ შეეძლო, ეთხოვა უცხო ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომ აშშ-ის მოქალაქისა და მისი ოპონენტების წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო“, – განაცხადა ვინდმანმა.
მისივე თქმით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო და დონალდ ტრაპის პირადი ადვოკატი რუდოლფო ჯულიანი „ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომელიც ძირს უთხრიდა აშშ-ის პოლიტიკას უკრაინაში“.
ვინდმანის გარდა კონგრესში ჩვენება მისა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯენიფერ უილიმსმაც. მისი თქმით, ტრამპისა და ზელენსკის საუბარია „უჩვეულო“ იყო, რადგან ის „აშშ-ის შიდა პოლიტიკას ეხებოდა“.
აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში გამართული მოსმენის მონაწილეები „ტვიტერის“ გვერდზე გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის თქმით, ის ვინდმანს საერთოდ არ იცნობს.
კონგრესში მოსმენა, დემოკრატების მიერ წამოწყებული ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში გაიმართა.
ოპონენტები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის ლიდერთან სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინა, რათა ამ უკანასკნელს აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. დემოკრატები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ტრამპმა ძალაუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენა.