აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის განცხადებით, ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი 30 დეკემბერს სატელეფონო საუბარს გამართავენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 30 დეკემბერს სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნიმ „სიენენს“ განუცხადა.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ლიდერები ბევრ საკითხს, მათ შორის იანვარში დაგეგმილი შეხვედრის დეტალებს განიხილავენ.
ემილი ჰორნის განცხადებით, სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართება და ჯო ბაიდენი შეთავაზებას დათანხმდა, რადგან „ის მიიჩნევს, რომ როდესაც საქმე რუსეთს ეხება, ლიდერებს შორის პირდაპირი დიალოგი შეუცვლელია“.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციებს მართავს საერთო მიდგომასთან დაკავშირებით, უკრაინის საზღვრებთან რუსული საარმიო ნაწილების მობილიზების ფონზე. მიმდინარე თვეში ეს ბაიდენისა და პუტინის მეორე საუბარი იქნება.
აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა 10 იანვარს არის დაგეგმილი.