აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი - რუსეთმა და ირანმა ამერიკელ ამომემრჩეველთა მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს
რუსეთმა და ირანმა ამერიკელი ამომრჩევლების მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს და ახლა შეუძლიათ „ქაოსი დათესონ“, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა.
„ირანმა და რუსეთმა მიიღეს კონკრეტული ზომები, რათა არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინონ“ – განაცხადა რეტკლიფმა. მისი თქმით, ორივე ქვეყანამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეძლო წვდომა მოეპოვებინა რეგისტრირებულ ამომრჩევლებზე. ამასთან, ირანმა უკვე გამოიყენა ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
„ის აგზავნის ყალბ ელექტრონულ წერილებს, რათა შეაშინოს ამომრჩეველი, საზოგადოებრივი მღელვარება გამოწვიოს და ზიანი მიაყენოს პრეზიდენტ ტრამპს. თუმცა ჩვენ არ გვიხილავს, ასეთი ქმედებები რუსეთის მხრიდან. ვიცით, რომ მათ მიიღეს ამომრჩევლების შესახებ გარკვეული ინფორმაცია, როგორც ეს 2016 წელს მოხდა“, – განაცხადა რეტკლიფმა.
მისი თქმით, მოსკოვსა და თეირანს შეუძლიათ ისარგებლონ ამ მონაცემებით და ამომრჩევლებს ცრუ ინფორმაცია დაუგზავნონ, რათა ამით ამერიკული დემოკრატიის მიმართ ნდობა შეურყიონ. რეტკლიფის განცხადებით, ამ შესაძლებლობით უკვე ისარგებლა ირანმა და გაავრცელა ვიდეორგოლი ფოსტით ხმის მიცემის მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც მცდარ ინფორმაციას შეიცავდა. მისი თქმით, ვითარება ამერიკელი სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშაა და აშშ-ის არჩევნებში გარედან ჩარევა არ მოხდება.