აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი - გლობალური დათბობა გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და რისკებს გაზრდის
ავღანეთი, ინდოეთი და პაკისტანი იმ 11 ქვეყანას შორის არიან, რომლებიც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ინფორმაციით, „ძალიან დაუცველები“ არიან კლიმატის ცვლილებების გამო გამოწვეული გარემოსდაცვითი და სოციალური კრიზისების მომზადებისა და მათზე რეაგირების უნარის თვალსაზრისით.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი ავრცელებს.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი (ODNI) პროგნოზირებს, რომ გლობალური დათბობა გაზრდის გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და რისკებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მომდევნო ოთხი ათეული წლის განმავლობაში.
ანგარიშის მიხედვით, მსგავსი ტიპის ქვეყნებად მიიჩნევა ავღანეთი, ინდოეთი, პაკისტანი, მიანმარი, ერაყი, ჩრდილოეთ კორეა, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, ნიკარაგუა და კოლუმბია.
არსებული ცნობებით, ავღანეთი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სიცხის, გვალვის, წყლისა და არაეფექტური ხელისუფლების გამო. წყლის საკითხზე დავები აგრეთვე მთავარი გეოპოლიტიკური ცხელი წერტილია ინდოეთშიც და დანარჩენ სამხრეთ აზიაში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილება სავარაუდოდ გაზრდის არასტაბილურობის რისკს ცენტრალურ აფრიკასა და წყნარი ოკეანის პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებშიც. აგრეთვე აღინიშნება სტრატეგიული კონკურენციის ზრდის ალბათობა არქტიკის რეგიონშიც. არქტიკული და არაარქტიკული ქვეყნები სავარაუდოდ გაზრდიან თავიანთ კონკურენციას, რადგან ეს რეგიონი სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ტემპერატურის მატებისა და ყინულის საფარის შემცირების გამო.