აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში შემოსავლების სამსახურს რენტგენოსკანერი გადაეცა
აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში შემოსავლების სამსახურს რენტგენოსკანერი გადაეცა

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის (EXBS) ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ბარგის რენტგენოინსპექტირების სამი სკანერი (RAPISCAN 628XR) გადაეცა, რომლის ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, გადმოცემული სკანერები განკუთვნილია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებისთვის, ასევე ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტისთვის.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აშშ-ს მთავრობის დახმარების ერთ–ერთი მიმართულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვასა და საინსპექციო სისტემების გაძლიერებას ითვალისწინებს.

საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის აეროპორტში“ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ სიჭინავასთან, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსთან, სამსონ ურიდიასთან და უწყების სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად, პირადად გაეცნო მგზავრების მიერ საჰაერო გზით შემოტანილი/გასატანი ბარგის სკანირების პროცესს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, ინსპექტირების რენტგენოსკანერი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისათვის საუკეთესო მაღალტექნოლოგიური შენაძენია. შემოწმების ეს უახლესი სისტემა უნიკალური საშუალებაა მგზავრთა ბარგის სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და დელეგაციის სხვა წევრებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოს მასშტაბით, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (სარფი, ვალე, ნინოწმინდა, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ფოთის პორტი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, აგრეთვე ფოთის პორტსა და გარდაბანში სარკინიგზო რენტგენული ინსპექტირების სისტემები) ფუნქციონირებს სტაციონარული და მობილური საავტომობილო რენტგენული ინსპექტირების სისტემები. ამასთან, საბაჟო გამშვები პუნქტები აღჭურვილია როგორც ბარგის, ასევე ხელბარგის, პალეტებისა და სხეულის დათვალიერების რენტგენული ინსპექტირების დანადგარებით.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთბრუნვის, სანქციების აღსრულების მხარდაჭერის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რენტგენოინსპექტირების სკანერები.