აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული ამერიკელი მოინახულა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჯონ ჰანთსმენი წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ ყოფილ საზღვაო ქვეით პოლ უილანს შეხვდა, მხარდაჭერა გამოუცხადა და საელჩოს დახმარება შესთავაზა.
როგორც იუწყებიან, ჰანთსმენი ასევე ესაუბრა რუსეთში დაკავებული უილანის ოჯახის წევრებს.
მანამდე ყოფილი საზღვაო ქვეითის დაკავებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა. მისი თქმით, აშშ-ის მთავრობა დაკავებულის შესახებ დამატებით ცნობებს მოსკოვისგან ელოდება.
“თუ დადგინდა, რომ ამერიკელი უსაფუძვლოდაა დაკავებული, ჩვენ მის გათავისუფლებას დაუყოვნებლივ მოვითხოვთ”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
31 დეკემბერს რუსეთის უსფრთხოების ფედერალური სამსახურში განაცხადეს, რომ “ჯაშუშური აქციის დროს” დააკავეს აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანი. დაპატიმრებულის ძმა ამტკიცებს, რომ ყოფილი საზღვაო ქვეითი რუსეთში ქორწილში იყო დაპატიჟებული.