სამი ახალი სენატორის ფიცის დადების შემდეგ, დემოკრატებმა სენატზე კონტროლი მოიპოვეს
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ სენატზე კონტროლი მას შედეგ მოიპოვა, რაც სამმა ახალმა სენატორმა ფიცი დადო. ამგვარად, პირველად ათწლეულის განმავლობაში, ერთი პარტია აკონტროლებს თეთრ სახლს და კონგრესის ორივე პალატას.
ჯორჯიის შტატში გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგად, სენატში მანდატები მოიპოვეს დემოკრატმა კანონმდებლებმა, რაფაელ უორნოკმა და ჯონ ოსოფმა. კალიფორნიის წარმომადგენელმა ალექს პადილამ კი სენატში ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეცვალა.
სამმა ახალმა სენატორმა ფიცი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წინაშე დადეს, რომელიც კონგრესში სხდომაზე ინაუგურაციის შემდეგ მივიდა.
სენატში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ხმები 50/50-ზე განაწილდა. ამგვარად, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმის უფლება ექნება. დემოკრატი შაკ შუმერი სენატში უმრავლესობის ლიდერი გახდა.