აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭო - ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთი სავარაუდოდ, 2020 წლის არჩევნებში ჩარევას დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ცდილობდა
ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთი სავარაუდოდ, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ცდილობდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ევრილ ჰეინსმა წარადგინა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი ავრცელებდა უსაფუძვლო ბრალდებებს მაშინდელი დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის შესახებ. ამასთან, ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი ტრამპის სასარგებლოდ არჩევნებში ჩარევას ზედამხედველობდა ან სულ მცირე ეს მისი ნებართვით ხდებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენის საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პირები, მათ შორის ნახსენებია უკრაინელი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი.
„როიტერის“ ცნობით, არჩევნებში ჩარევის მცდელობების გამო ვაშინგტონმა შესაძლოა, მოსკოვს მომავალ კვირაში სანქციები დაუწესოს.
„პუტინი აკონტროლებდა ანდრეი დერკაჩის საქმიანობას. სხვა მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის ძალისხმევაში, რომელიც მიმართული იყო არჩევნებზე ზემოქმედებისკენ, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის ორგანოების მაღალჩინოსნები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში ასევე საუბარია სხვა უცხო ქვეყნების მცდელობებზე, მოეხდინათ გავლენა 2020 წლის არჩევნების შედეგებზე, მათ შორის ნახსენებია ირანის „მრავალმხრივი ფარული კამპანია“, რომელიც მიმართული იყო დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
რაც შეეხება ჩინეთს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეები არჩევნებში ბაიდენის სასარგებლოდ ჩარევაში სდებდნენ ბრალს, დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ჩინეთს „ჩარევის ძალისხმევა არ განუხორციელებია“.
„ჩინეთი მიისწრაფოდა სტაბილურობისკენ აშშ-სთან ურთიერთობებში და არ განიხილავდა არჩევნების შედეგებს ჩინეთისთვის იმდენად სასარგებლოდ, რათა გაერისკა, მიეღო საპასუხო დარტყმა გამოაშკარავების შემთხვევაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აშშ-ის დაზვერვა ასევე აღნიშნავს არჩევნებზე გავლენის მოხდენის ძალისხმევას კუბის, ვენესუელას, ასევე ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხრიდან, თუმცა ზოგადი შეფასებით, ეს იყო ნაკლები მასშტაბის ქმედებები, ვიდრე ისინი, რომლებიც რუსეთმა და ირანმა განახორციელეს.