აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში „ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებით საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მოხარული ვარ, რომ ვზეიმობთ აშშ-ის 245 წლის იუბილეს. ეს გახლავთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 245 წელი და დღეს ჩვენ ვზეიმობთ თავისუფლებას. ასევე, ეს დღე გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენი განსაცდელი გადაიტანა ქვეყანამ, რათა ამ დრომდე მოსულიყო. ასევე, გამოცდა და განსაცდელი ჰქონდა საქართველოსაც, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიას, რომელიც ცდილობს, განავითაროს საკუთარი ინსტიტუტები, იყოს მტკიცე, ჰქონდეს ინკლუზიური მმართველობა. აშშ, როგორც პარტნიორი, საქართველოს გვერდით დგას. ჩვენი ქვეყნების კონსტიტუცია, როგორც საქართველოსი, ასევე ამერიკის, უზრუნველყოფს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას. როდესაც საუბარია უმრავლესობის აზრზე და მათი უფლებების დაცვაზე, რა თქმა უნდა, ეს უფრო მარტივი საქმეა, დემოკრატიის ნამდვილი, ჭეშმარიტი საზომი გახლავთ არაპოპულარული შეხედულებების დაცვა. ეს მიანიშნებს დემოკრატიის მიმართ იმ ნამდვილ ერთგულებაზე, როდესაც ასეთი შეხედულებები არის დაცული“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.