აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარება გამოყო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას.
„მოხარული ვარ გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად.
იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიასთან მომზადებასა და მასზე რეაგირებაში.
ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, „კოვიდ-19“-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვისა და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად და საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი, მათი სათანადო უნარებით აღჭურვა „კოვიდ-19“-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით“, – განაცხადა კელი დეგნანამა.
დეგნანი მიიჩნევს, რომ სამი მილიონი დოლარის ახალი დაფინანსება გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის და მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებს, როგორიცაა: ც ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა,საველე ეპიდემიოლოგია და ლაბორატორიული ტრენინგ პროგრამა, რიჩარდ ლუგარის სახელეობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების და ლაბორატორიების კონტროლს საქართველოს მასშტაბით.
„თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი, გთხოვთ, ეწვიოთ ამერიკის დაავადებთა კონტროლის ცენტრის ვებგვერდს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს და მადლობა ამ ვირუსთან ბრძოლაში თქვენი წვლილისთვის. ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ცხადია, წინსვლა სახეზეა“ ,- განაცხადა დეგნანმა.