აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკური კურსით, ჯო ბაიდენმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლა შეაჩერა
აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკური კურსით, ჯო ბაიდენმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლა შეაჩერა

აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკური კურსით, ჯო ბაიდენმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლა შეაჩერა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსთინი აშშ-ის გლობალურ სამხედრო მდგომარეობაზე ვრცელ მიმოხილვას არ ჩაატარებს.

გასულ წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ გერმანიიდან 9 500-მდე ჯარისკაცის გაყვანას გეგმავდა. გერმანიაში საერთო ჯამში 34 500-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებას ითვალისწინებს. ჯო ბაიდენის განცხადებით, პეკინი, რომელიც სამხედრო სფეროს აძლიერებს და გლობალური გავლენის გაზრდას ცდილობს, აშშ-ის ყველაზე სერიოზული კონკურენტია.

„ჩვენ შევეწინააღმდეგებით ჩინეთის ეკონომიკურ პოლიტიკას, დავუპირისპირდებით მის აგრესიულ, იძულებით ქმედებებს, რათა უკუვაგდოთ ჩინეთის თავდასხმა ადამიანის უფლებებზე, ინტელექტუალურ საკუთრებასა და გლობალურ მმართველობაზე, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პეკინთან, როდესაც ამერიკის ინტერესი იქნება ამის გაკეთება“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის მიხედვით, ვაშინგტონი შეწყვეტს იემენში საუდის არაბეთის მეთაურობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერას.

„ამ ომმა შექმნა ჰუმანიტარული და სტრატეგიული კატასტროფა. ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკური ხედვა რუსეთის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებას ითვალისწინებს. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ უპასუხოდ აღარ დატოვებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის განცხადებით, მიანმარში სამხედროების მმართველობა უნდა დასრულდეს.