აშშ ირანში არსებულ სიტუაციაზე გაერო-ს უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოების საგანგებო სხდომებს მოიწვევს
გაერო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ ნიუ იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სხდომებს მოიწვევს, რომლებზეც ირანში არსებულ ვითარებაზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩუმად“, – განაცხადა ჰეილიმ.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ირანის ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სოციალურ ქსელებზე არსებული შეზღუდვა მოხსნას. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სოციალური ქსელი ქვეყანაში დაბლოკილია.
ირანის მსხვილ ქალაქებში 28 დეკემბერს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციებისას მომხდარი არეულობის დროს, 20-მდე ადამიანი დაიღუპა.