აშშ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას უახლოეს დღეებში გეგმავს, შეზღუდვები, შესაძლოა, შეეხოს ირანის ნავთობის ექსპორტს
აშშ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას უახლოეს დღეებში გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ირანის ნავთობის ექსპორტს შეეხოს.
„სანქციებთან დაკავშირებით, ველოდები, რომ ჩვენ ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს უახლოეს დღეებში მივიღებთ. წინასწარ არ განვიხილავთ ჩვენი სანქციების ინსტრუმენტებს, თუმცა დისკუსიის მაგიდასთან განიხილება ყველა ვარიანტი ირანის მიერ ტერორიზმის დაფინანსების შესაწყვეტად“, – განაცხადა იელენმა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან შეხვედრისას გამართულ პრესკონფერენციაზე.
იელენის თქმით, სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებს წარსულში უკვე მიუმართავთ ზომებისთვის ირანის დესტაბილიზაციური ქმედებების შესაკავებლად ქვეყნის ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობის შეზღუდვით.
„ცხადია, ირანი განაგრძობს ნავთობის გარკვეული რაოდენობის ექსპორტს. ჩვენ, შესაძლოა, მეტის გაკეთება შეგვიძლია. არ მინდა, წინასწარ განვიხილო სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი ქმედებები, თუმცა, უდავოდ, ეს რჩება ჩვენს თვალთახედვაში, როგორც შესაძლო სფერო, რომელსაც, შესაძლოა მივმართოთ“, – განაცხადა სახაზინო მდივანმა.
ჯანეტ იელენის თქმით, გასული კვირის ბოლოს ირანის თავდასხმა ისრაელზე და თეირანის მიერ ღაზაში, ლიბანში, იემენსა და ერაყში შეიარაღებული დაჯგუფებების დაფინანსება ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
13 აპრილის ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი ძირითადი ნაწილი ისრაელმა აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის დახმარებით ჩამოაგდო. თეირანის განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე დარტყმაზე, რასაც ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.