ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ 113 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს
ამერიკის შეერთებული შტატები ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებაში 113 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამერიკული ინვესტიციები რეგიონში ტექნოლოგიების, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე დაიხარჯება. ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.
მრავალმილიონიანი პროექტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ წარადგინა, როგორც შტატების ე.წ. „ინდოეთი-წყნარი ოეკანის“ სტრატეგიის ნაწილი. აღნიშნული სტრატეგია უშუალოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით შეიმუშავეს მას შემდეგ, რაც გაპრეზიდენტებიდან მალევე ტრამპმა აშშ ე.წ. „წყნარი ოკეანეთის ქვეყნების“ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებიდან გამოიყვანა. ამ სავაჭრო ალიანსში რეგიონის 12 ქვეყანა შედიოდა და ფაქტობრივად მხოლოდ ჩინეთი იყო ალიანსის მიღმა.
პომპეოს განმარტებით, 113 მილიონი დოლარის ბიუჯეტიდან 25 მილიონი რეგიონში ამერიკული ტექნოლოგიების ექსპორტის გაფართოებას მოხმარდება, 50 მილიონი რეგიონის ქვეყნებში ენერგეტიკული რესურსების წარმოებასა და დარეზერვებაზე დაიხარჯება, ხოლო 30 მილიონი ინფრასტრუქტურული ქსელის განვითარებაში ჩაიდება.
ამერიკული პროექტი ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირების ფონზე დაიძრა, რის გამოც ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ იგი აღნიშნულ რეგიონში ჩინეთის სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტის, „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ერთგვარი კონკურენტი იქნება და მიზნობრივ რეგიონში ამერიკის გავლენის გაძლიერებას შეეცდება.
როგორც ცნობილია, ისტორიული აბრეშუმის გზის აღსადგენად და გასაფართოებლად ჩინეთმა თითქმის ტრილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო, რომელიც ევროპის, აზიისა და აფრიკის ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. ამ პროექტის ფარგლებში ძირითადად ჩინეთის სახელმწიფოს ფული ჩაიდება, რომელიც გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოემსახურება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეალურად „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ პროექტი რეგიონში ჩინეთის გავლენის გაძლიერებას ისახავს მიზნად გზისპირა ქვეყნების ე.წ. სასესხო ხაფაგში მომწყვდევის გზით: გზის გასწვრივ მდებარე განვითარებად ქვეყნებზე მასობრივი სესხები გაიცემა და საბოლოოდ სესხის მიმღები ქვეყნების პეკინზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მაიკ პომპეომ უარყო, რომ ამერიკული საინვესტიციო პროექტი ჩინური პროექტისთვის კონკურენციის გაწევას შეეცდება. მისი განმარტებით, ახალი საინვესტიციო პროექტი ამერიკის წვლილია ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებაში. ახალი ფონდის პრეზენტაცია რეგიონში პომპეოს ვიზიტის წინ შედგა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ამ კვირაში მალაიზიაში, სინგაპურსა და ინდონეზიაში გეგმავს ჩასვლას. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები არასოდეს შეცდება აღნიშნულ რეგიონში დომინანტის პოზიციის მიღებას და „დაუპირისპირდება ნებისმიერ ქვეყანას“, რომელიც ინდოეთი-წყნარი ოკეანეთის ტერიტორიაზე გაბატონებას შეეცდება.
პომპეოს მრჩევლის, ბრიან ჰუკის განმარტებით, შტატების პროექტი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს არ შეეჯიბრება, ინვესტიციებში სახელმწიფოს როლი ძალიან მცირე იქნება და მხოლოდ ბიზნესის წახალისებაზე იქნება ორიენტირებული.