აშშ-ის იარაღის დაცვის ეროვნულ ასოციაციასთან კავშირი რამდენიმე ამერიკულმა კომპანიამ გაწყვიტა
ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების მოთხოვნით დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, იარაღის დაცვის ეროვნულ ასოციაციასთან (National Rifle Association) კავშირი რამდენიმე ამერიკულმა კომპანიამ გაწყვიტა.
სოციალურ ქსელში იარაღის ლეგალურად გაყიდვის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ჰეშტეგით #BoycottNRA სულ უფრო პოპულარული ხდება. აქტივისტები მერვე დღეა, კონგრესისგან რეაგირებას ითხოვენ. იარაღზე კანონის გამკაცრებას ემხრობა დემოკრატი კონგრესმენებისა და სენატორების უმრავლესობა.
იარაღის დაცვის ეროვნული ასოციაციის დირექტორმა ვეინ ლაპიერმა განაცხადა, რომ იარაღის აკრძალვა ძალადობის შესაჩერებლად საკმარისი არ არის. მისი თქმით, ფლორიდის სკოლაში მომხდარი მასობრივ მკვლელობის მიზეზი არა იარაღის შესახებ კანონი, იგივე კონსტიტუციის მეორე ჩასწორება, არამედ მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკაშირებული პრობლემები გახდა. აღნიშნული განცხადების გამო ლაპიერი მწვავედ გააკრიტიკეს აქციის ორგანიზატორებმა.
პირველი არხი ილინოისის შტატში მცხოვრებ National Rifle Association-ის ერთ-ერთ წევრს მაიკლ გრიფინს დაუკავშირდა. მაიკლ გრიფინმა განაცხადა, რომ იარაღზე კონტროლის გამკაცრება ძალადობის პრევენციისთვის გამოსავალი არ არის.
„რა თქმა უნდა, შეიარაღებული თავდასხმის ფაქტები არ შემცირდება, ვინაიდან დღეისთვის ამერიკაში ერთ სულ მოსახლეზე რამოდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი მოდის. კრიმინალები მაინც ახერხებენ და მოახერხებენ არალეგალურად იარაღის შეძენას. იმ მოქალაქეებს, რომელთაც კანონით აქვთ იარაღის შენახვის და ტარების უფლება მინიჭებული, კანონის გამკაცრების შემთხვევაში, თავდაცვისუნარიანობა შეეზღუდებათ. ამით მილიონობით მოქალაქის უფლება დაირღვევა“, – განაცხადა მაიკლ გრიფინმა, რომელიც NRA-ში 5 წლის წინ გაწევრიანდა.
იარაღის დამცველი ორგანიზაცია National Rifle Association 1871 წელს დაარსდა. ორგანიზაცია დღეს 5 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რომელთაც იარაღის ტარების ნებართვა აქვთ მინიჭებული.
პარკლენდის სკოლაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო 18 წელიწადში პარკლენდის სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში 208-ე სასწავლო დაწესებულებაა, სადაც ცეცხლი გახსნეს.