აშშ-ი თურქულ ბანკ „ჰალკბანკს“ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, „ჰალკბანკის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
აშშ-ის ხელისუფლება თურქულ ბანკს ფინანსურ თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც ნიუ იორკის პროკურორმა ჯეფრი ბერმანმა განაცხადა, ბანკის ქმედებები თურქეთის მთავრობის წარმომადგენლების ხელშეწყობით ხორციელდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან ქრთამს იღებდნენ.
ბრალდების მხარის მონაცემებით, „ჰალკბანკმა“ 2012-2016 წლის პერიოდში ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით 20 მილიარდი დოლარი გადარიცხა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ჰალკბანკის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჰაკან ატიკას ნიუ იორკში 32 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ივლისში ის თურქეთს გადასცეს. მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქი ბანკის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი მკაცრად გააკრიტიკა.