აშშ-ი მუსლიმებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს
აშშ-ი მუსლიმებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსლიმებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს. ოპერაცია ნიუ-იორკის შტატში ჩატარდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამი ზრდასრული მამაკაცი და ერთი არასრულწლოვანი ნიუ-იორკის შტატში მუსლიმთა დასახლება ისლამბერგზე თავდასხმას გეგმავდნენ.

დაკავებულებს შორის არიან 18 წლის ენდრიუ კრისელი, 19 წლის ვინსენტ ვეტრომილი და 20 წლის ბრაიან კოლანერი, ასევე 16 წლის მოზარდი. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს უკვე რამდენიმე წელია იცნობენ და მუსლიმურ დასახლებაზე თავდასხმას რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდნენ.

მათ დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და 23 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

ისლამბერგი 1980-იან წლებში პაკისტანლემა სასულიერო პირმა დააარსა. შეთქმულების თეორიების მიხედვით, ბოლო წლებში ტერორიზმის საფრთხის მომატებასთან ერთად, აღნიშნულ დასახლებაში ტერორისტების საწრთვნელი ბანაკი არის განთავსებული.