ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიას სირიაში სამხედრო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ბერლინში ოფიციალური ვიზიტის დროს, სირიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ განაცხადა.
„პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირების საუკეთესო საშუალება არა სიტყვით გამოსვლა, არამედ სამხედრო სოლიდარობაა“,- განაცხადა ჯეიმს ჯეფრიმ გერმანელ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი სირიაში სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეების ჩართვას ეცდება. ჯეიმს ჯეფრიმ ამერიკის შეერთებული შტატების მისწრაფება ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარებით ახსნა.
„ჩვენ გვაქს შიდა პოლიტიკა. როდესაც პრეზიდენტს შეუძლია სხვა ქვეყნების მხარდაჭერის დემონსტრირება, ეს საქმის სწორად წარმართვაში გვეხმარება“,- განმარტა დიპლომატმა.
სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საპასუხოდ საჰაერო ოპერაციაში ჩართვასთან დაკავშირებით ბერლინში ერთსულოვნება არ არის. ასადის არმიის მიერ იდლიბის პროვინციაში ოპერაციის შესაძლო დაწყების შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ გერმანულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ოფიციალურ ბერლინში აშშ-ის საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ალიანსთან გაერთიანებაზე მსჯელობდნენ. ამან კი გერმანიაში მწვავე შიდაპოლიტიკური დისკუსია გამოიწვია, რადგან მმართველ კოალიციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.