აშშ-ის გენერალური პროკურორი - ძალადობის მსხვერპლ მიგრანტს არ აქვს საკმარისი მიზეზი, აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვოს
აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ან კრიმინალური ბანდების თავდასხმა მოსახლეობაზე არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ჰონდურასიდან, სალვადორიდან და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებიდან გაქცეულმა მიგრანტებმა შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მიიღონ.
„ბევრი უბედურება, რომელსაც ადამიანი ცხოვრების განმავლობაში აწყდება, ყოველთვის თავშესაფრის მიღებით ვერ ანაზღაურდება. ამ ქვეყნებში შექმნილი კრიმინალური მდგომარეობა დრამატულია, თუმცა ოჯახში ძალადობის გახშირებული შემთხვევები და კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები არ აძლევს ამ ადამიანებს სრულ საფუძველს, აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვონ“, – განაცხადა სეშენსმა.
გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ ოჯახში ძალადობა დიდი პრობლემაა, თუმცა ამ პრობლემას აშშ-ში თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზეზად არ უნდა განიხილავდნენ.
სეშენსის განცხადებას აშშ-ის მიგრაციის საბჭოს წარმომადგენელი, იურისტი ბეტ უერლინი მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა. მისი თქმით, გულგრილობაა, როცა ძალადობის მსხვერპლად ქცეულ ქალებს და ბავშვებს მიღებაზე უარს ეუბნები.
„ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთ ადმინისტრაციას არ გაუკეთებია ასეთი რამ – უკან გაებრუნებინა ძალადობას გამოქცეული ქალები და ბავშვები. ეს არის ამერიკულ ღირებულებებზე უარის თქმა“, – განაცხადა უერლინმა.
2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარი გვატემალის ერთ-ერთმა მოქალაქემ მოითხოვა, რომელიც მისი ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. გვატემალას კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს მოძალადე ოჯახის წევრისგან ვერ იცავს. იმ წელს აშშ-ის სასამართლომ გვატემალელი ქალის საქმე – იჯახში ძალადობა რელიგიური და ეთნიკური დევნის კატეგორიასთან გააიგივა და მას თავშესაფარი მიანიჭა.