აშშ ფერმერებს სავაჭრო ომის გავლენისაგან 12 მილიარდი დოლარის სუბსიდიით დაიცავს
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გამოაქვეყნა 12 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პროგრამა, რომელმაც ფერმერები სავაჭრო ომის უარყოფითი გავლენისაგან უნდა დაიცვას.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატებს მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირსა და ჩინეთთან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს. ამის გამოსწორებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი საიმპორტო ტარიფების დაწესების პოლიტიკით აპირებს, განაწყენებული პარტნიორები კი ამერიკულ საქონელს თავის მხრივ ახალ საპასუხო ტარიფებს უწესებენ.
სატარიფო ომი ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქციასაც შეეხო, როდესაც ჩინეთმა სოიოსა და სერგუმის იმპორტი ახალი გადასახადით დაბეგრა.
ამერიკის შეერთებული შტატების აგრარული დეპრატამენტის გათვლებით, სავაჭრო დაპირისირეირების შედეგად 11 მილიარდი დოლარის ზარალია მოსალოდნელი.
სოფლის მეურნეობაზე ახალი ტარიფების უარყოფითი გავლენისგან დასაცავად ტრამპის ადმინისტრაციამ 12 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გეგმა შეიმუშავა, რომელსაც კონგრესის თანხმობა არ სჭირდება. გეგმა სახელმწიფო დახმარების ღონისძიებათა პაკეტია, რომლის ფარგლებშიც მთავრობა ერთის მხრივ სოიოს, სორგუმისა და ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს მილიარდობით დოლარის სუბსიდიას მისცემს, მეორეს მხრივ კი პროდუქციის გაუყიდავ პარტიებს შეისყიდის. ფულის ნაწილი ექსპორტის წამახალისებელ ღონისძიებებზეც დაიხარჯება.
დახმარების პირველი ეტაპი სექტემბრის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი, მთლიანად პროგრამა კი მხოლოდ მიმდინარე წელზეა გათვლილი.
სამშაბათს ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე მის მიერ ამოქმედებულ ახალ ტარიფებს „უდიდესი“ უწოდა და განმარტა, რომ მათი საშუალებით აპირებს ამერიკის ექსპორტის მიმართ სხვა ქვეყნების პოლიტიკა შეცვალოს. მოგვიანებით, სამშაბათსვე თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ როდესაც ამერიკა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმდინარე დავის შემდეგ, ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებს დადებს, ამერიკელი ფერმერები ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში იქნებიან.
თუმცა აგრარული სექტორი, რომლის შემოსავლის 20 პროცენტი ექსპორტზეა მიბმული აცხადებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიდგომა მათ პროდუქციაზე მოთხოვნას ურტყამს და გრძელვადიან პერსპექტივაში მყიდველებთან ურთიერთობას აფუჭებს. მაგალითად სოიოს ფასი უკვე 15 პროცენტით დაეცა აპრილის შემდეგ, როდესაც ჩინეთმა, რომელიც სოიოს მთავარი გასაღების ბაზარია, შტატების მიმართ საპასუხო ტარიფების ამოქმედების შესახებ განაცხადა. ამიტომ, დარგის ნაწილი მოითხოვს, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სავაჭრო ომი და გააუქმოს დამატებითი ტარიფები.
ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ დახმარების პროგრამა მოკლევადიანი გამოსავალია, რომელიც თეთრ სახლს გრძელვადიან სავაჭრო ხელშეკრულებებზე მუშაობის საშუალებას მისცემს, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება ეკონომიკის ყველა დარგზე.
სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ სურთ ვაჭრობა და არა დახმარება.