აშშ-ი ევროკავშირსა და იაპონიასთან სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს
აშშ-ი ევროკავშირსა და იაპონიასთან სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ევროკავშირსა და იაპონიასთან სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. შესაბამისი მემორანდუმი ქვეყნის კონგრესს სავაჭრო მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენელმა, რობერტ ლაიტჰაიზერმა წარუდგინა.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა კონგრესში მემორანდუმის შეტანიდან 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყოს.

მემორანდუმის თანახმად, მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში, მხარეები ექსპორტის ტარიფებსა და სხვა ბარიერებზე იმსჯელებენ.

ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ მხარეები გაცილებით სამართლიან სავაჭრო სქემას შეიმუშავებენ.

ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კომერციული ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი და კომპლექსური ეკონომიკური თანამშრომლობაა.

2018 წლის ივლისში დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში ორივე მხარემ ახალი ტარიფების დაწესებაზე უარი უნდა თქვას.