გაერო-ში აშშ-ის ელჩი სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
გაერო-ში აშშ-ის ელჩი სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

გაერო-ში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბრიტანეთში დაზვერვის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. მისივე განცხადებით, ამ საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭომ ზომები უნდა მიიღოს.

„ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთში ორ მოქალაქეზე სამხედრო კლასის ნერვული აგენტით თავდასხმა რუსეთის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.

გაერო-ში საგანგებო სხდომას წინ უძღოდა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, აუქმებს ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და წყვეტს უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან.

12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, სკრიპალის მოწამვლაში რუსეთია დამნაშავე.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.