აშშ-ის დაზვერვის დირექტორი - 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასება მკაფიოა
აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორი დენიელ ქოუთსი დონალდ ტრამპს პასუხობს და აცხადებს, რომ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასება მკაფიოა.
„სადაზვერვო სამსახურების როლია, უზრუნველყონ პრეზიდენტი და პოლიტიკოსები საუკეთესო ინფორმაციითა და ფაქტებზე დაფუძნებული შეფასებებით. ჩვენი შეფასებები 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და ჩვენი დემოკრატიის ხელყოფისკენ მიმართული მათ მიმდინარე ყოვლისმომცველ ძალისხმევასთან დაკავშირებით მკაფიოა. ჩვენ გავაგრძელებთ შეულამაზებელი და ობიექტური სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია დენიელ ქოუთსის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, ჰელსინკიში ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის პოზიციის მართებულობა შესაძლებლად დაუშვა, რამაც ვაშინგტონში რიგი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.