აშშ და მისი მოკავშირეები სირიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონიდან „თეთრი ჩაფხუტების“ ევაკუაციას აპირებენ
ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და გაერთიანებული სამეფო სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილიდან სირიის სამოქალაქო თავდაცვის წევრების, იგივე „თეთრი ჩაფხუტების“ ევაკუაციის გეგმის განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა TIME აშშ-ის მთავრობაში რამდენიმე მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ვინაობა ანონიმურია.
TIME-ის ინფორმაციით, ასადის მთავრობისგან სირიაში მოქმედი, ერთადერთი მუდმივი ჰუმანიტარული მისიის წევრებს, ე.წ. თეთრჩაფხუტიანებს საფრთხე შეექმნებათ.
გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ ექვსი ქალაქი დაიკავეს. ბოლო ინფორმაციით, სირიის ჯარი გოლანის მაღლობებთან დემილიტარიზებულ ზონასთან განლაგდა.
სირიის სამხრეთით ელ კუნეიტრას რეგიონში სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, გაეროს ლტოლვილთა საბჭო დაუყოვნებლივ მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 130 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, ამ წუთებში მოქალაქეების ნაწილი ტერიტორიას ავტობუსებით ტოვებს.
ვინ არიან „თეთრი ჩაფხუტები“?
სირიის სამოქალაქო თავდაცვა, იგივე თეთრი ჩაფხუტები, როგორც მათ ხალხმა შეარქვა, 2012 წელს გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის ოფიცერმა, ერაყისა და კოსოვოს ომების ვეტერანმა ჯეიმს ლე მეჟურერმა შექმნა. ეს ორგანიზაცია დღეს 3000-ზე მეტ მოხალისეს აერთიანებს – ყოფილ მეხანძრეებს, ყოფილ ექიმებს, ყოფილ მასწავლებლებს და იმ სირიელებს, რომლებიც ომის დროს ქვეყანაში დარჩნენ ან სხვადასხვა მიზეზების გამო სირია ვერ დატოვეს. ისინი 2011 წლიდან დღემდე ალავიტი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგენი არიან.
„თეთრი ჩაფხუტები“ ერთადერთი ჰუმანიტარული მისიაა, რომელიც მეექვსე წელია სირიაში მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მათ ფინანსურ დახმარებას USAID-ი, გაერთიანებული სამეფოს, დანიის, ნიდერლანდების სამეფოს და გერმანიის მთავრობები უწევენ. 2017 წელს ისინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც წარადგინეს. სირიის სამოქალაქო თავდაცვამ, იგივე თეთრჩაფხუტიანებმა, როგორც თავად ამბობენ, 2012 წლიდან დღემდე სირიაში 85 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. Netflix-ის მიერ მათ შესახებ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა 2017 წელს ოსკარი აიღო.