აშშ და მისი მოკავშირე ათი ქვეყანა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე 21-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს
აშშ და მისი მოკავშირე ათი ქვეყანა მოითხოვს 21-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ისრაელ-ლიბანის საზღვარზე, დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, რათა თავიდან აიცილონ რეგიონული ომის გაჩაღება. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა საზღვარზე შექმნის სივრცეს დიპლომატიისთვის. ვითარება ლიბანსა და ისრაელს შორის 2023 წლის 8 ოქტომბრიდან აუტანელია და წარმოადგენს მიუღებელ რისკს უფრო ფართო რეგიონული ესკალაციისთვის. ეს არავის ინტერესებში არ შედის, არც ისრაელის და არც ლიბანელი ხალხის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შეერთებული შტატები, ავსტრალია, კანადა, ევროკავშირი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ყატარი ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნები მზად არიან სრულად დაუჭირონ მხარი ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას.