აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საფრანგეთმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, შესაძლოა, წარმომადგენლები გაგზავნონ
აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საფრანგეთმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, შესაძლოა, წარმომადგენლები გაგზავნონ

აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა პრეზიდენტის პოსტზე მეხუთე ვადით ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საფრანგეთმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ცერემონიაზე, შესაძლოა, წარმომადგენლები გაგზავნონ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მოსალოდნელია, რომ ინაუგურაციაზე წარმომადგენელს გაგზავნის ევროკავშირის შვიდი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი.

„როიტერი“ პარიზში დიპლომატიურ წყაროზე დაყრნობით წერს, რომ ცერემონიალს რუსეთში საფრანგეთის ელჩი დაესწება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ცერემონიას არ დაესწრებიან.

ცერემონიალზე დასწრების შესაძლებლობა კატეგორიულად უარყვეს ბალტიის ქვეყნებმა, რომლებსაც მოსკოვში ელჩები აღარ ჰყავთ.

„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის და, განსაკუთრებით, მისი კრიმინალი ლიდერის იზოლაცია უნდა გაგრძელდეს. პუტინის ინაუგურაციაზე დასწრება ლიეტუვისთვის მიუღებელია. ჩვენს პრიორიტეტად რჩება უკრაინის და მისი ხალხის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ღონისძიებაზე წარმომადგენლები არ ეყოლებათ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და კანადას. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, აშშ არ გაგზავნის წარმომადგენელს ინაუგრაციის ცერემონიალზე.

„ჩვენ არ მივიჩნევთ ამ არჩევნებს თავისუფლად, სამართლიანად, თუმცა პუტინი რუსეთის პრეზიდენტია და აპირებს, გაგრძელოს ამ თანამდებობაზე ყოფნა“, – განაცხადა მილერმა.

კრემლში აცხადებენ, რომ 7 მაისს დაგეგმილ ინაუგურაციაზე დასასწრებად მოსკოვში წარმოდგენილი ყველა უცხოური დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები მიიწვიეს.