აშშ და ევროკავშირი ვაჭრობის საკითხებში ბარიერების აღმოფხვრაზე იმუშავებენ
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ვაჭრობის საკითხებში ტარიფებისა და ბარიერების აღმოფხვრაზე იმუშავებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს მიიღეს. ევროკომისიის პრეზიდენტის თეთრ სახლში სტუმრობისა და აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ვაჭრობის საკითხში სამართლიან და ყველასთვის სარგებლის მომტან შეთანხმებას მიაღწევენ.
„წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან ასობით მილიარდ დოლარს კარგავდა. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ ამერიკელ ფერმერებს, მწარმოებლებს და საერთოდ, ყველას სათამაშო მოედანზე თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს. ჩვენ სამართლიანი შეთანხმება გვსურს და იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეები არიან და ერთად უნდა იმუშაონ.
ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკის საფუძველზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობა დაიძაბა. ვაშინგტონმა ევროპული გაერთიანებიდან შესული საქონლის ნაწილზე დამატებითი ტარიფები დააწესა, რასაც ბრიუსელმა სარკისებურად უპასუხა.