აშშ და ბრაზილია ვენესუელას არმიაში უთანხმოების აღმოფხვრაზე მუშაობენ
ამერიკის შეერთებული შტატები და ბრაზილია ვენესუელას არმიაში არსებული უთანხმოების აღმოფხვრაზე მუშაობენ. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა.
ჟაირ ბოლსონარუმ ერთ-ერთ რადიოსთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ვენესუელაში სამხედრო შეჭრის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი ჯერ ბრაზილიის ეროვნული თავდაცვის საბჭოსთან და კონგრესთან უნდა განიხილოს. მიზანი შემდეგი ქმედებების კოორდინაცია იქნება.
„არ უნდა დავუშვათ, ვენესუელა ახალ კუბად ან ჩრდილოეთ კორეად გადაიქცეს“, – განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ ინტერვიუს დროს.
ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, თუ ნიკოლას მადუროს რეჟიმი რომელიმე უცხოური ინტერვენციის შედეგად დაემხობა, ქვეყანაში შესაძლოა პარტიზანული ომი დაიწყოს, რომლის ორგანიზატორები ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები იქნებიან.
მედიის ინფორმაციით, ვენესუელა უკვე რამდენიმე თვეა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. ქვეყნის ლიდერად ნიკოლას მადუროს მეორე ვადით დანიშვნის შემდეგ, ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მალევე, მთავარმა ოპოზიციონერმა და ქვეყნის ეროვნული ასამბლეის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ათობით ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ აღიარა.