აშშ და ბრაზილია ამაზონის ტყის დასაცავად 100 მილიონ დოლარს გამოყოფენ
ამერიკის შეერთებული შტატები და ბრაზილია ამაზონის ტყის დასაცავად 100 მილიონ დოლარს გამოყოფენ.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მაიკ პომპეო და ერნესტუ არაუჟო ვაშინგტონში შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ ორმა ქვეყანამ საერთო საინვესტიციო ფონდი შექმნას, რომელიც ამაზონის ტროპიკულ ტყეში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის იქნება განკუთვნილი. 100 მილიონიანი ფონდი 11 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხში ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა გაცილებით ეფექტიანი იქნება, ვიდრე ევროპელების შეთავაზება.
ბიარიცში დიდი შვიდიანის სამიტის დროს ლიდერები ბრაზილიის ხანძართან საბრძოლველად 20 მილიონი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. თუმცა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ დახმარებაზე უარი განაცხადა.
2019 წელს ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრის 80 ათასი კერა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ხანძრის გამო ბრაზილიის პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ კრიტიკის ობიექტი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ტროპიკულ ტყეში ხანძრის კერების მომრავლება ჟაირ ბოლსონაროს პოლიტიკამ გამოიწვია.