აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯამალ ხაშოგის საქმის გამოძიების დასახმარებლად თურქეთში გაემგზავრა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯინა ჰესპელი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გარდაცვალების საქმის გამოძიების დასახმარებლად თურქეთში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Reuters-ს დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენელმა ანონიმურად განუცხადა, დასავლური ქვეყნებისთვის ამ დრომდე უცნობია დაზუსტებით, რა ვითარებაში დაიღუპა ჟურნალისტი და სად არის მისი ცხედარი. ხაშოგის წამებისა და მკვლელობის მომენტის დროს ჩაწერილი აუდიოჩანაწერების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, არც აშშ-ისთვის და არც მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებისთვის ასეთი სამხილი არ წარუდგენიათ.
სააგენტო Reuters-ი წერს რომ, საუდის არაბეთის დასავლელი მოკავშირეებისთვის ამჟამად მთავარი საკითხია, აქვს თუ არა ხაშოგის მკვლელობასთან რამე სახის კავშირი სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს, რომელიც რეფორმატორად მიიჩნევა.
ამასთან, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ისახავდა თუ არა თავდაპირველ მიზნად საუდის არაბეთის მიერ სტამბოლში ჩატარებული ოპერაცია ჟურნალისტის მკვლელობას, თუ დაგეგმილი იყო მხოლოდ მისი გატაცება და საუდის არაბეთში გადაყვანა.
როგორც გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ის საუდის არაბეთის პრინცს ტელეფონით ესაუბრა და მალე ეცოდინება, რა დაემართა ჯამალ ხაშოგის.
„მე ვესაუბრე პრინცს. ჩვენ გვყავს ხალხი საუდის არაბეთში ახლა. ასევე სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნები იმყოფებიან თურქეთში. ხვალ ბევრი მეცოდინება“, – აღნიშნა ტრამპმა.
საუდის არაბეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ერ-რიადმა აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში „ჩხუბის“ დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით კი ხაშოგის მკვლელობა დეტალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო.
ანკარას ცნობით, ჯამალ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს, ცხედარი კი დაანაწევრეს.