აშშ-ის 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი „ღია ცის“ შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კონტაქტების შეჩერებას ითვალისწინებს
აშშ-ის 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი „ღია ცის“ შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კონტაქტების შეჩერებას ითვალისწინებს

აშშ-ის 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობას ზღუდავს. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელსაც დონალდ ტრამპმა 13 აგვისტოს მოაწერა ხელი, „ღია ცის“ შეთანხმების ფარგლებში აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტების შეჩერებას ითვალისწინებს.

ღია ცის შეთანხმება 1992 წელს ნატო-ს ქვეყნებსა და ვარშავის შეთანხმების ყოფილ წევრ სახელმწიფოებს შორის გაფორმდა და 2002 წლიდან ამოქმედდა. „ღია ცის“ შეთანხმება ხელმომწერ სახელმწიფოებს უფლებას აძლევს, ერთმანეთის ტერიტორიების თავზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელონ, რათა შეამცირონ გაუგებრობა და ხელი შეუწყონ შეიარაღების შესახებ არსებული ხელშეკრულებების შესრულებას.

როგორც აშშ-ის 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესხებ კანონში არის აღნიშნული, ვინაიდან რუსეთი არღვევს „ღია ცის“ შეთანხმების პირობებს, იკრძალება აღნიშნული შეთანხმების უზრუნველსაყოფად ფინანსური სახსრების გამოყოფა, ვიდრე რუსეთი არ წარადგენს მტკიცებულებებს შეთანხმების ყველა პირობის შესრულების შესახებ.

როგორც აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტშია აღნიშნული, აშშ ითხოვს, რომ მოსკოვმა მისცეს საშუალება „ღია ცის“ შეთანხმების მონაწილე ქვეყნების დამკვირვებლებს, შეზღუდვის გარეშე განახორციელონ ფრენა მოსკოვის, ჩეჩნეთის, კალინინგრადის თავზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში.

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზეც არის საუბარი.