აშშ - გადაწყვეტილება მაჰმუდ აბასისა და მაიკ პენსის შეხვედრის გაუქმების შესახებ ზიანის მომტანი იქნება
ვაშინგტონი პალესტინელების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დეკემბერში დაგეგმილი შეხვედრა მაჰმუდ აბასსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის აღარ შედგება.
აშშ-ში აცხადებენ, რომ ეს გადაწყევტილება მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.
შეხვედრის გაუქმების შესახებ განცხადება აბასის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯიბრილ რაჯოუბმა გააკეთა. მისი თქმით, მაიკ პენსს პალესტინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.
იერუსალიმის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ სრულიად შეცვალა ამ ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით აშშ-ის ათწლეულების პოლიტიკა.
ხუთშაბათს, სულ მცირე 31 ადამიანი დაიჭრა შეტაკებების დროს ღაზას სექტორსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე. შეტაკებები ტრამპის გადაწყვეტილებას და ამით გამოწვეულ საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა. დემონტრაციებს ელიან დღესაც.
ისრაელის წინააღმდეგ „ახალი ინტიფადას“ გამოცხადებას გეგმავს პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასი“. „ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ახალი ამბოხების დასაწყებად, რაც ზიონისტი მტრების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – აღნიშნა ჰამასის ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ ღაზას სექტორში სიტყვით გამოსვლისას.
ამასობაში, ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე დამატებითი შენაერთები შეიყვანა.