ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის რამდენიმე სავაჭრო ცენტრში დღეს ევაკუაცია გამოცხადდა
ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ დღეს შეტყობინება შევიდა თბილისში მდებარე რამდენიმე სავაჭრო ცენტრში. შენობებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც „ისთ ფოინთში“ განაცხადეს, სავაჭრო ცენტრის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია.
„შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანხმად, მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“, – განაცხადეს „ისთ ფოინთში“.
„გლდანი მოლის“ ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის ოფიციალურ მეილზე შევიდა მუქარის შემცველი შეტყობინება, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას შენობაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ.
„„გლდანი მოლის“ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა რეაგირება, განხორციელდა შენობის ევაკუაცია და შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. „გლდანი მოლში“ ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, მოლი მუშაობას განაახლებს ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში 10:00-22:00“, – განაცხადეს „გლდანი მოლში“.
ევაკუაცია განხორციელდა „თბილისი ცენტრალიდანაც“. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ 18:00 საათისთვის მიიღეს, რის შემდეგაც განხორცილედა ევაკუაცია და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. როგორც „თბილისი ცენტრალში“ განმარტეს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში განრიგით სარკინიგზო რეისები არ იყო დაგეგმილი, შესაბამისად, რკინიგზის მუშაობა და მგზავრების გადაადგილება არ შეფერხებულა.
დღის პირველ ნახევარში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაცია ასევე გამოცხადდა სასამართლოს რამდენიმე შენობაში.